
საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის შედეგების ოპერატიულ და კოორდინებულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე, ლევან ქვათაძე ხელმძღვანლობს.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა. მამისონის ერთერთ დაზიანებულ მონაკვეთზე უკვე მოწყობილია შემოვლითი გზა, მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის გადასროლა, თუმცა სამუშაოების შესრულებას რთული რელიეფი აფერხებს. პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე – რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები. სტიქიის ზონაში მობილიზებულია 12 ერთეული ტექნიკა – ექსკავატორები, ბულდოზერები. საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებით ჩაერთვება რეგიონში არსებული 5 ერთეული მძიმე ტექნიკა.
ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის აღდგენილია დროებითი წყალმომარაგება, მაგისტრალური ქსელის დაზიანების შედეგად წყლის გარეშე დარჩენილ 400 აბონენტს სასმელი წყალი ცისტერნებით მიეწოდება.