რეზონანსი
29.07.2020

ჩვენ ყველა ღონეს ვიყენებთ, რათა შესაძლო მეორე, მესამე ან მეოთხე ტალღაც კი, რაც შეიძლება სწრაფად ჩავახშოთ, ისევე, როგორც ეს პირველი ტალღის დროს მოვახერხეთ, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გერმანულ გამოცემა „შპიგელისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის თქმით, მთელი მსოფლიო დღეს „კოვიდ-19"-ის რეალობაში ცხოვრობს და ეს არის გამოწვევა ყველა ქვეყნისთვის.„მოცემული დროისთვის მდგომარეობა საქართველოში სტაბილურია. ჩვენ ყოველდღიურად მხოლოდ ძალიან დაბალი რაოდენობის შემთხვევები გვიფიქსირდება, ზოგიერთ დღეს კი, საერთოდ არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს.

პანდემიის მიმდინარეობისას, ჩვენ თითქმის არ გვქონია შემთხვევა, როცა ვერ შევძელით ინფიცირების წყაროს მიგნება. ეს იქიდანაც გამომდინარეობს, რომ არ გვაქვს მოსახლეობის დიდი რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ძალიან მალე ვახერხებდით კონტაქტების შემთხვევების დადგენას, რაც ჩვენი წარმატებისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი აღმოჩნდა. გერმანიის მსგავს ქვეყანაში, სადაც 83 მილიონი მოსახლეობა ცხოვრობს, ეს რა თქმა უნდა, ბევრად რთული იქნებოდა.

დიდ იმედებს ვამყარებთ ჩვენ მიერ შემუშავებულ კორონას აპლიკაციაზე, რომელიც გვიადვილებს კონტაქტების აღმოჩენას. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ცოტა ადამიანი იყენებს ამ აპლიკაციას. ასე რომ, გვიწევს კონტაქტების დადგენის სხვა ხერხების გამოყენებაც. თუმცა, პარალელურად ვცდილობთ, დავარწმუნოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რომ მათ ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გამოიყენონ. მნიშვნელოვანია, გამჭვირვალედ ავუხსნათ მოსახლეობას, რომ შეიძლება მეორე ტალღა დადგეს, რომელიც უფრო მძიმედ ჩაივლის, ვიდრე პირველმა ტალღამ ჩაიარა. ჩვენთვის ეს სცენარი ცნობილია სხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების შემთხვევებიდან. თუ მოსახლეობა არ იქნება მზადყოფნაში, არც ერთი ღონისძიება არ იქნება საკმარისად ეფექტური", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×