რეზონანსი
29.07.2020

თბილისში სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად ე.წ. „კანონიერი ქურდის", ლაშა ბარათელის ძმა, ლევან ბარათელი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: ერთ-ერთი ქართველი „კანონიერი ქურდის" ძმა, კრიმინალური ავტორიტეტი, 1992 წელს დაბადებული ლ.ბ. და ასევე, კრიმინალური ავტორიტეტი, 1994 წელს დაბადებული კ.კ. თბილისში დააკავეს.

მათ ბრალი „ქურდული სამყაროს" წევრობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.

დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური ავტორიტეტები და „ქურდული სამყაროს" წევრები - ლ.ბ. და კ.კ. „კანონიერი ქურდების" მითითებებს ასრულებდნენ. მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორებით, მუქარითა და „ქურდული გარჩევის" გზით, „კანონიერი ქურდების" დავალებით, მოქალაქეებსა და მეწარმეებს თანხებს სძალავდნენ და ე.წ. ქურდულ საერთოს ავსებდნენ.

პოლიციამ ლ.ბ.-ის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოიღო „მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 8 საბრძოლო ვაზნა, კ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას კი ამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი".

გამოძიება „ქურდული სამყაროს" წევრობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×