
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბიძის კობა თამაზაშვილის განცხადებით, ოჯახის თხოვნაა, რომ პროგრამისტის გარდაცვალების საქმე ობიექტურად იყოს გამოძიებული.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახი ითხოვს, რომ საქმის გამოძიება უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდეს, იმ მიზეზით, რომ ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.
„ობიექტურად გამოძიებას ვითხოვთ. უბრალოდ, არ გვინდა, რომ თამარის უმანკო სული ლაფში იყოს გასვრილი. რამ გამოიწვია სიკვდილი?! ეს იყო ჩხვლეტა, გამჭოლი ჭრილობა, თუ რის გამო დადგა სიკვდილი ძალიან მაინტერესებს“, - განაცხადა კობა თამაზაშვილმა
მისივე განმარტებით საქმესთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ექსპერტიზა დარჩა
ჩასატარებელი, ასევე ამოსაღებია დრონის ჩანაწერები, ჯერ კიდევ არ არის გახსნილი თამარ ბაჩალიაშვილის სამუშაო კომპიუტერი, რაც ოჯახს გარკვეულ კითხვებს უჩენს.
„ჩემში იწვევს, რომ ეს ამბავი ან ძალიან არის ჩახლართული, რადგან გამოძიებას სურს ყველაფერში ობიექტურად გაერკვეს და მერე გვითხრას საბოლოო პასუხი, ან შეიძლება თავს ვერ ართმევდეს“, - განაცხადა კობა თამაზაშვილმა
რაც შეეხება საქმეში აშშ-ის ფედერალური ბიუროს ჩართვას, რათა გაიხსნას ბაჩალიაშვილის სამუშაო კომპიუტერი, გარდაცვლილი გოგოს ბიძა ამბობს, რომ ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა შესაბამისი მიზეზის საფუძველზე ისაუბრა.