წელს საზღვრები არ გაიხსნება და თუ საბაჟო გადასახადი სექტემბრის შემდეგაც არ გადავადდა, დილერების გაკოტრება გარდაუვალია
ნინა გარდაფხაძე
28.07.2020

ავტობიზნესი, პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ, შედეგებს ითვლის. შემცირებული რეალიზაცია და დასაქმებულები, დახურული ოფისები, გაკოტრების პირას მყოფი დილერები - ასეთია ბიზნესის მდგომარეობა,  რომელიც, რეექსპორტის ხარჯზე, ქვეყნის ბიუჯეტის უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორია. მომუშავეთა ნაწილს ახლა იმედს რეექსპორტისათვის საზღვრების ფართოდ გახსნის შესაძლებლობა უჩენს, მეორე ნაწილი კი ამ პერსპექტივას წელს საერთოდ ვერ ხედავს. 

ბაზარი, რომელიც პანდემიამდე ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მომგებიანი იყო, ახლა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ ჩამოყვანილი ავტომობილების უდიდესი ნაწილი სარემონტოა, ამიტომაც ტრანსპორტირების, შეკეთებისა და სხვა ხარჯები თვითღირებულებას შემცირებული ფასის პირობებში ვეღარ ფარავს. 

მიუხედავად მძიმე ვითარებისა, ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენელი ბიზნესის აღდგენის შესაძლებლობებს ხედავს. 

"კავკასიის ავტოიმპორტის" დირექტორის, გიორგი სურგულაძის შეფასებით, საზღვრების გახსნის შემდეგ შეიძლება, საკმარისი ავტომობილები არც კი აღმოჩნდეს საქართველოში. სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, რუსეთი, უკრაინა - ამ ქვეყნებში ავტომობილების მიმართულებით შიმშილია და შეიძლება, რეალიზაცია იმაზე მეტი იყოს, ვიდრე - პანდემიამდე, მოთხოვნა  ერთიანად გაჩნდეს და დამკვეთების რაოდენობამაც ერთბაშად მოიმატოს.

როგორც სურგულაძე აღნიშნავს, საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების 60 პროცენტი მუდმივად საზღვარგარეთ გადიოდა. პანდემიამ და საზღვრების ჩაკეტვამ პროცესები შეაფერხა, თუმცა დილერები ონლაინ ვაჭრობის მიმართულებით გააქტიურდნენ. რუსეთს, უკრაინას, ყირგიზეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს უზბეკეთიც შეუერთდა და უკვე დიდ როლს თამაშობს რეექსპორტის ბაზარზე. 

ექსპორტის რაოდენობა, რა თქმა უნდა, შეიზღუდა, რადგან საზღვრები ჩაკეტილია, თუმცა მეზობელმა ქვეყნებმა ონლაინ ვაჭრობა დაიწყეს და ექსპორტი დღითი დღე მატულობს. ძველ ნიშნულს მაინც ვერ უბრუნდება, მაგრამ კვირიდან კვირამდე მატება იგრძნობა, რაც ძალიან კარგია. 

ჩვენს ბაზარზე რეალიზაცია, რა თქმა უნდა, პროცენტულად შემცირებულია, მაგრამ 15-20 %-ით, მეტად არა", - განუცხადა ,,კომერსანტს” გიორგი სურგულაძემ.

რადიკალურად განსხვავებულია იმ დილერების განწყობა, რომლებიც ამბობენ, რომ ბაზრის დიდი ნაწილი დახურვის პირასაა, საზღვრების გახსნის პერსპექტივას კი 2020 წელს ვერ ხედავენ.  საავტომობილო ბაზარზე შექმნილ რთულ ვითარებაზე საუბრობს იმპორტიორი ზვიად ზიზიაშვილი. როგორც ,,ჯეიეფაისის” დამფუძნებელი ,,რეზონანსთან" აცხადებს, ბაზარზე ადრინდელი რეალიზაციის მოცულობის მხოლოდ 2%-ია ამ ეტაპზე დარჩენილი. 

“ავტომობილების გაყიდვა, დაახლოებით, 97-98%-ით არის შემცირებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით მანქანების შემოყვანაც საკმაოდ დაკლებულია საზღვრების ჩაკეტვის გამო, ხოლო ძალიან მცირე რაოდენობით გადის სხვადასხვა ქვეყანაში რეექსპორტზე. მეზობელი ქვეყნებიდან ვერ შემოდიან საქართველოში და, შესაბამისად, ამ კუთხით შეჩერებულია ვაჭრობა. მათთვის, ვისაც გზაში ანდა პირადად ჰქონდა ავტომობილი შეძენილი, ევაკუატორის საშუალებით ხდება ავტომობილების მიწოდება, ისიც კონკრეტულ ქვეყნებში – აზერბაიჯანში, რუსეთსა და სომხეთში. საერთოდ, ავტომობილების ბიზნესს არ ჰყავს უფლებადამცველი, რაიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. არ არსებობს გაერთიანება, რომელიც ხელისუფლებამდე ამ დარგის უფლებებს დაიცავს. ინდივიდუალურად ხელისუფლებისგან ვერაფერს ვერ ვითხოვთ. 

არ არსებობს რაიმე ინფორმაცია, რომ რაღაცის იმედი უნდა გვქონდეს. სულ რაღაც 1 თვეში მოგვიწევს გადავადებული გადასახადების გადახდა და პროცესი, რომელიც დაიწყო, რომ ოფისები კოტრდება და იხურება, ყველაზე აქტიურ ფაზაში სწორედ სექტემბრისთვის შევა. მართლა არ ვიცი, ვინ და რით უნდა გადაიხადოს. 

საბოლოო ჯამში, პანდემიამ ეს დარგი ძალიან დააზარალა. უამრავი ოფისი დაიხურა. ჩვენც თითქმის დახურვის პირას ვართ. თანამშრომლების შემცირება მოგვიწია. პანდემიამ სერიოზულად იმოქმედა”, - უთხრა “რეზონანსს” ზვიად ზიზიაშვილმა.

თავის დროზე, პირველ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა სექტემბრამდე გახანგრძლივდა. ეს იყო ერთადერთი შეღავათი, რაც ამ ბაზრის მონაწილეებს ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში შესთავაზა. ახლა, როცა გადასახადის გადახდამდე 1 თვე რჩება, დილერები ამბობენ, რომ, რთული ვითარების გამო, დამატებითი შეღავათები დასჭირდებათ. 

ავტოდილერი გიორგი ქარდავა ,,რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ უცნაურია რაიმე დადებით ტენდენციაზე საუბარი შექმნილ ვითარებაში, როცა რეალიზაცია, ფაქტობრივად, აღარ არის. 

,,შემცირება სხვა რამეა, რაც ახლა ხდება, ამას ჰქვია, რომ საერთოდ აღარ ხდება გაყიდვა. ერთადერთი, ის კომპანიები მუშაობენ, რომლებსაც ლიზინგი აქვთ. 

ძალიან საჭირო დროს მოხდა განბაჟების გადასახადის გადავადება, მაგრამ ეს შეღავათი კიდევ ერთხელ თუ არ გახანგრძლივდა, მართლა არ ვიცი, რა გვეშველება”, - განუცხადა დილერმა ,,რეზონანსს”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×