
ახალგაზრდა ქალი თბილისის საკრებულოს დეპუტატის ოჯახის წევრს ძალადობაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება წუხელ მუხიანში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის თამარ ბახსოლიანს მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ბახსოლიანის მეუღლეს მუხიანში უბნის სასურსათო მარკეტი აქვს, თავად კი გამყიდველად მუშაობს. როგორც თავად ყვება, დაახლოებით 24:00 საათზე მაღაზიაში მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი, ბერდია ხაბულიანი, რომელმაც უთხრა, რომ ლუდი ნისიად მიეცა. ქალმა ხაბულიანი უარით გაისტუმრა და მოსთხოვა, მარკეტი დაეტოვებინა.
მალევე საქმეში გამყიდველი ქალის მეუღლე, მარკეტის მეპატრონე ჩაერთო, რომელსაც, დაზარალებული ქალის ინფორმაციით, ხაბულიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მოგვიანებით კი ადგილზე რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად დაბრუნდა და სიტყვიერი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც თამარ ბახსოლიანი ყვება, სწორედ ამ დროს მას ხაბულიანმა სახეში გაშლილი ხელი ძლიერად ჩაარტყა.
ქალმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა. მან სამართალდამცველებს ჩვენება წუხელვე მისცა და დეტალურად უამბო, თუ როგორ განვითარდა მოვლენები.
როგორც „პრაიმტაიმმა" გაარკვია, ბერდია ხაბულიანი თბილისის საკრებულოს დეპუტატის, „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლილე ლიპარტელიანის ოჯახის წევრია.
სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი