
პირველად ამ კანონით ჩვენ შემოგვაქვს საქართველოში ჟესტური ენის განმარტება და სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ეს ენა დაიცვას და ამ ენის პოპულარიზაცია და სწავლება მოახდინოს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელმაც კოალიციის „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" მიერ შეთავაზებულ ჩარჩო კანონში შშმ პირებთან დაკავშირებით განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა.
„ამ კანონით საქართველო პირველად გადავა შშმ პირის, როგორც სტატუსის სამედიცინო შეფასებიდან ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ პირველად ამ კანონით წყალობით ვაღიარებთ, რომ შშმ პირთა უფლებები პირველ რიგში ადამიანის უფლებების სფეროა და მხოლოდ ხანდახან, ნაწილობრივ შეიძლება იყოს სამედიცინო განხილვის საგანი. პირველად ამ კანონით ჩვენ შემოგვაქვს საქართველოში ჟესტური ენის განმარტება და სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ეს ენა დაიცვას და ამ ენის პოპულარიზაცია და სწავლება მოახდინოს. იმისათვის, რომ საზოგადოებისგან გარიყული არავინ არ იყოს.
შემოდის პერსონალური ასისტენტის ცნება. ეს არის ის ინსტიტუტი, რომელსაც ჩვენი შშმ პირები ხშირად საჭიროებდნენ და დიდხანს ელოდნენ მის ინსტიტუციონალიზაციას.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სამინისტროს, ვინც ამ ცვლილებას მხარი დუჭირა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ამ ცვლილებებით ასევე, საჯარო საჯარო დაწესებულებები იღებენ ვალდებულებას, 15-წლიან პერიოდში ახალი და ძველი შენობები უნდა გარდაიქმნას და გადაადგილებახელმისაწვდომი იყოს შშმ პირებისთვის.
საკანონმდებლო ცვლილებები „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ" კანონში განცხორციელდა. მათი მიზანია შშმ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და საქართველოს კანონმდებლობაში „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ" გაერო-ს კონვენციის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ასახვა.