რეზონანსი
27.07.2020

„გამოძიების მიმართ პირველი კითხვა გვიჩნდება, დროში რატომ გაჭიანურდა", - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ბიძამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი კითხვა, რომელიც არსებობს საქმის დროში გაჭიანურებაა. კობა თამაზაშვილი იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება და ყველა საეჭვო კითხვას პასუხი გაეცემა.

„თამუნას გარდაცვალება ძალიან დიდი იდუმალებით არის მოცული. გამოძიების მიმართ პირველი კითხვა გვიჩნდება, დროში რატომ გაჭიანურდა?! ყველაფერი ეს კვირას იყო შესაძლებელი, იმიტომ, რომ ჩვენ თამუნას სახე პირადად ვერ ვნახეთ, ვერ ჩავკოცნეთ, იმ ქვეყნად ისე ვერ გავისტუმრეთ, როგორც ნებისმიერ მართლმადიდებელ ქრისტიანს ეკადრებოდა. მესმის, რომ ზაფხულია, მესმის, რომ თამუნა არაადეკვატურ სიტუაციაში გარდაიცვალა, მაგრამ შესაძლებელი იყო, რომ სახეს მაინც მოვლეარსებოდით. ამიტომ, კითხვები გვაქვს გამოძიების მიმართ. მოთმინებით ველოდებით გამოძიებას", - ამბობს თამაზაშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა სატელეფონო ჩანაწერების ამოღებასაც მოითხოვს, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილი გოგონას მამას ჯუმბერ ბაჩალიაშვილს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლადო ბაჭულაშვილმა უთხრა, რომ მის შვილს სავარაუდოდ სამსახურეობრივი პრობლემები ჰქონდა.

„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ ამ ტრაგედიის ინტერესის ფონზე, რა თქმა უნდა, იქნება უამრავი ვარაუდი და აზრი. ოჯახი არ აპირებს, ყველა აზრზე მოახდინოს რეაგირება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ველოდებით გამოძიების დასკვნას, მის მიმდინარეობას. გამოძიება ყველაფერს სათანადოდ გასცემს პასუხს. გავაცნობიეროთ ის ფაქტიც, რომ მამა შაბათიდან დღემდე შოკირებულ მდგომარეობაშია. უკვე ერთ კვირაზე მეტი გავიდა, შეიძლება, მამას უამრავი კეთილმსურველი და ა.შ. ჩასძახებდეს, მაგრამ ამ ეტაპზე, კონკრეტულად ვინ, რა უთხრა, როგორ უთხრა ეს ყველაფერი მამას უნდა ჰკითხოთ. როგორც მამა ამბობს, მას ნამდვილად დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ „თქვენი შვილი მაგარ შარშია" , მაგრამ ამ ეტაპზე, ვერ ხდება გარკვევა იმისა, რომ ... ეს ყველაფერი მოხდა აქციაზე. მოდით, დაველოდოთ გამოძიების მსვლელობას", - განაცხადა კობა თამაზაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×