
გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, თენგო ბარბაქაძის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე ამბობს, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება წამში გამოიტანა და სათათბირო ოთახში არც გასულა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება უარგუმენტოა.
„სასამართლო დასრულდა ისე, როგორც თავიდან ვთქვი. სასამართლომ არც ის ინება, რომ სათათბირო ოთახში გასულიყო. ადგილზევე გამოიტანა გადაწყვეტილება და თერთმეტივე დატოვა პატიმრობაში. არც ის განიხილა, რომ თერთმეტიდან შეიძლება ყველას სხვადასხვა სიმძიმე ჰქონოდა. არც ის გაითვალისწინა, რომ საქმეში თავიდან 8 ტომი იყო, შემდეგ კი გაიზარდა. ასე ცალსახად რამდენიმე წამში გამოიტანა გადაწყვეტილება",- განაცხადა ადვოკატმა.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11-ვე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სასამართლო გადაწყვეტილება სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.