
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯება. დაკავებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ, გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი კი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის დატოვებას მოითხოვს.
შაქარაშვილის ნათესავი მირიან ნიკოლაძე მიიჩნევს, რომ ბრალდებული პირების გათავისუფლებამ შესაძლოა, გამოძიებას ხელი შეუშალოს. ამასთან, მას აქვს მოლოდინი, რომ „ტოიოტა ქემრის“ მგზავრებს ბრალი დაუმძიმდებათ.
„გვაქვს ერთადერთი მოლოდინი რომ აღკვეთი ღონისძიებები, რომელიც დღეს აქვთ შეფარდებული დარჩება ძალაში, რადგან ამისთვის არსებობს როგორც პროცესუალური ისე ფაქტობრივი საფუძველი. ვფიქრობთ, რომ ყველა დანაშაულის ჩამდენი პირი უნდა იყოს პატიმრობაში, რათა ძიებას არ შეეშალოს ხელი. მოლოდინი მაქვს, რომ თუ ვინმეს ბრალი დაუმძიმდება, ესენი იქნებიან ტოიოტა ქემრის მგზავრები, რომლებიც უშუალო მონაწილეობას იღებდნენ როგორც ფიზიკურ ძალადობაში, ასევე გიორგის განზრახ მკვლელობაში. ჩვენი მოთხოვნა არის სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მათთვის ბრალის წარდგენა და შემდგომ, სასამართლოში ამავე მუხლით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.