რეზონანსი
27.07.2020

 თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა არ იცის, რატომ იმყოფებოდა მათი შვილი ამ ტერიტორიაზე, სადაც არც ნათესავი ჰყავთ და არც მეგობარი. თამარის მამა არ გამორიცხავს, რომ გოგონა სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს და აცხადებს, რომ ეს შესაძლოა, მის სამსახურს უკავშირდება, საიდანაც ხშირად აღელვებული ბრუნდებოდა. მამა ჰყვება, რომ შვილის სამსახურში ამბის გასარკვევად ადრეც მივიდა, მაგრამ პასუხი არავინ გასცა.

ოჯახი დარწმუნებულია, რომ თამუნა თავს არ მოიკლავდა და ვერსია, რომ თავის მოსაკლავად წნევის დამწევი წამლების დიდი დოზა დალია, სიცრუეა. მამის მტკიცებით, გოგონა ფსიქოლოგიური შანტაჟისა და ზეწოლის მსხვერპლია...

მომხდარს გოგონას სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირებს გარდაცვლილის ბიძაც:

"როდესაც თამარი გულჩათხრობილი იყო, დედა ძალიან განიცდიდა და ეკითხებოდა მიზეზს, ის კი პასუხობდა, ისეთი არაფერია, ჩვეულებრივი თამარი ვარ და ჩვეულებრივი სამსახურიაო. თუ არა სამსახური, სხვას რას მივაწეროთ? მას შეყვარებული არ ჰყავდა. რამდენიმე გულითადი მეგობარი ჰყავდა, გამოძიება მათაც გაესაუბრა და ისინი ხელჩასაჭიდს ვერაფერს ასახელებენ.

მიკვირს, ამხელა მნიშვნელობა რატომ მიანიჭეს ფსიქოლოგს ან თუნდაც აფთიაქში ნაყიდ წნევის მარეგულირებელ წამლებს? გადაჭარბებული დოზა საზიანოა, მაგრამ ჩვენ ხომ ჯერ არ ვიცით, კუჭში რა ნივთიერება აქვს, იყო თუ არა ინტოქსიკაცია და ა.შ. არ გამოვრიცხავ, წამალი თამუნას ძალით გადააყლაპეს. შეიძლება უკანა სავარძელზეც იმიტომ იყო, გვერდით ვიღაც ეჯდა, ესაუბრებოდა და მერე ის გადავიდა.

კამერებმა დააფიქსირეს, რომ მარტო იყო მანქანაში. სავარაუდოდ, დაიბარეს, ამა და ამ ადგილას მოხვალო. ძალიან მაინტერესებს მობილურის ჩანაწერები, ვის ესაუბრა ბოლოს.

გამოძიებამ ფსიქოლოგიც გამოჰკითხა და, ალბათ, ის ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს", - განუცხადა "კვირის პალიტრას" კობა თამაზაშვილმა.

წყარო: "კვირის პალიტრა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×