
“კეკელიძე 61“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დემურ გიორხელიძე მშენებლობასთან დაკავშირებულ შესაძლო თაღლითურ სქემაში მონაწილეობაში სინოდის ერთ-ერთ წევრსა და იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ადანაშაულებს. როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, საუბარია 155 ოჯახზე, რომლებიც შესაძლოა, დაზარალებულად ჩაითვალონ, რადგან ისინი ყადაღის გამო 3 წელია ბინაში შესვლას ვერ ახერხებენ.
როგორც დემურ გიორხელიძე განმარტავს, ბინა გადაყიდულია და რამდენიმე კვადრატული მეტრი ფართობი უკანონოდ არის მითვისებული.
„საქმე ეხება 155 ოჯახს, რომელიც ამჟამად შეიძლება, დაზარალებულად ჩავთვალოთ. როგორც ათასობით ჩვენი თანამოქალაქე. ბინის პრობლემის მოგვარების გამო, ერთ-ერთი ამხანაგობის დამფუძნებელი ვიყავი, ჩემი ფუნქცია მქონდა ფინანსების მოზიდვის თვალსაზრისით და ა.შ. მოხდა ისე, რომ აღმასრულებელი პირი, თავმჯდომარე გარდაიცვალა, დავრჩი მე ერთადერთი დამფუძნებელი და ახლა ვცდილობ, რომ საკითხები მოვაგვარო. 18 სართულიანი შენობა აშენებულია, ეს არის „კეკელიძე 61“, რომელიც ჩვენი ამხანაგობის მიერ დამოუკიდებლად აშენებულია უცხოეთში მოქმედი ცნობილი ქართველი ბიზნესმენის დახმარებით, რომლის წარმომადგენლობითი ფირმა საქართველოშია. 3 წელია სახლში ვერავინ შედის, რადგან დაყადაღებულია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც ჩანს, იქ დარღვევები ფიქსირდება. საუბარია იმაზე, რომ რამდენიმე ბინა არის გადაყიდული, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო სტრუქტურა, საჯარო რეესტრი არეგისტრირებს 1200 კვ მეტრ ფართობს უკანონოდ, სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, რისი არანაირი უფლებაც არ ჰქონდა“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.
მისი თქმით, საქმეზე გამოძიება 4 წელია მიმდინარეობს, ხოლო ბინას გადაყიდვების შედეგად ყადაღა ადევს და სახლის გაფორმება შეუძლებელია. ის შესაძლო თაღლითურ სქემაში მონაწილეობაში იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანსა და სინოდის ერთ-ერთ წევრს ადანაშაულებს.