
23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს.
თეონა თამაზაშვილი ვარაუდობს, რომ ბაჩალიაშვილს, შესაძლოა, ისეთ მასალებზე ჰქონოდა წვდომა, რომელიც მას არ უნდა სცოდნოდა.
„მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. წინა კვირასაც გამოცდა ჩააბარა და დეასთან ერთად ეძებდა მეორე სამსახურს და რატომ მოიკლავდა თავს?!
არავინ არ მაყენებს საქმის კურსში. ძებნისასაც ვიხვეწებოდი, რომ გამაგებინეთ, მეც იქნებ რაღაცაში გამოგადგეთ და არაფერს აღარ გამოვრიცხავ უკვე.
შეიძლება უშუალოდ სამსახურში არა, მაგრამ ეს ბავშვი იმდენად ნიჭიერი იყო, იქნებ სხვა რამეში შეაღწია და ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც არ უნდა სცოდნოდა“, - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.
ბაჩალიაშვილის დედა გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მაშინ, როცა სამართალდამცველები ბაჩალიაშვილს ეძებდნენ, გამოძიებამ მისი ლეპტოპი დროულად არ ამოიღო.
„უკვე აღარ ვენდობი გამოძიებას, თავიდანაც თამუნას კომპიუტერზე ვეხვეწებოდი, წაიღეთ და გახსენით-მეთქი, მაგრამ არ მიჰქონდათ. არავინ არ მოსულა მიხეილ რამიშვილის გარდა, საერთოდ არც დაინტერესებულან“, - ამბობს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა.