
მცხეთის სამედიცინო ცენტრს, 24 საათის განმავლობაში, 2 კოვიდინფიცირებული დაემატა. კრიტიკულად მძიმეა ერთი პაციენტის, 79 წლის ქალის მდგომარეობა. ის საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნება, - ამის შესახებ საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა.
ლიკა მუმლაძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში 54 ადამიანი მკურნალობს. მათგან რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, კრიტიკულად მძიმე პაციენტი კი, ივნისის შემდეგ, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. ის მართვით სუნთქვაზეა.
ლიკა მუმლაძე განმარტავს, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება სხვადასხვა მძიმე ქრონიკულმა დაავადებამ გამოიწვია. ამასთან, რისკფაქტორია მისი ასაკიც.
რაც შეეხება 2 ახალ პაციენტს, მათგან ერთი ლილოს ბაზრობის კლასტერ უკავშირდება, ერთი კი იმპორტირებული შემთხვევაა.