
კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა ქვეყანაში - ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საგრძნობლად იზრდება.
შეცვლილია დინამიკაც, როცა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ახლად ინფიცირებულთა რაოდენობას უსწრებდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იმაზე 4 ჯერ მეტია, ვიდრე გამოჯანმრთელებულების.
"საფრთხე არსებობს, ეს ციფრებშიც აისახება. ერთეული შემთხვევებიდან, ბოლო რამდენიმე დღეა, გვაქვს ორ ათეულ შემთხვევამდე დღის განმავლობაში. ამ მაჩვენებლით, შორეულ პერსპექტივაში რამდენად გაუარესდება ეპიდსიტუაცია, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია,"- აღნიშნავს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.
ორნიშნა ციფრს გაცდა ისეთი შემთხვევების რაოდენობა, როცა ეპიდემიოლოგები ვერ
ადგენენ დაავადების გავრცელების წყაროს. ასეთი ფაქტები, ძირითადად, დედაქალაქში ფიქსირდება. თბილისის ყველაზე ცხელ წერტილად კი ბაზრობები სახელდება.
ინფიცირებულები არიან ლილოში დასაქმებულები, რომლებსაც, პარალელურად, სხვა ბაზრობების თანამშრომლებთან ჰქონდათ კონტაქტი. მათ შორის - დინამოს და ქუთაისის ბაზრობების თანამშრომლებთან.