
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მთავარი კითხვა ახლა ისაა, ვინ მიიყვანა ახალგაზრდა ქალი თვითმკვლელობამდე. მშობლებს იმედი აქვთ, რომ გამოძიება გარემოებებს დაადგენს. 23 წლის პროგრამისტი დღეს დაკრძალეს. ცხედარი საცხოვრებელი სახლიდან ჯერ სკოლის ეზოში, შემდეგ კი სასაფლაოზე გადაასვენეს.
გაჩნდა გარკვეული გარემოებები, რომელიც ბაჩალიაშვილის საქმეში ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ოჯახის თითქმის ყველა კითხვის მიმართულება პროგრამისტის სამსახურს და მის საქმიანობას, კომპანია "ზეგ"-ს უკავშირდება.
"კურიერმა" გაარკვია, რომ გოგონა კომპანიისგან, რომელიც მან გაუჩინარებამდე ორი დღით ადრე დატოვა, სარეკომენდაციო წერილს ითხოვდა.
კომპანია "ზეგ"-ის დირექტორს მან ამის შესახებ მობილურ ტელეფონზე მისწერა. სამომავლოდ საქმიანობის დახასიათების დოკუმენტი ბაჩალიაშვილს სავარაუდოდ სხვა სამსახურისთვის სჭირდებოდა. მაშინ ისმის კითხვა, რატომ მოითხოვდა სარეკომენდაციო წერილს ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე 2 დღით ადრე, თუ მას თავის მოკვლა გადაწყვეტილი ჰქონდა.
ბაჩალიაშვილი კომპანია "ზეგ"-ში 2017 წლის აგვისტოდან მუშაობდა. ის თავდაპირველად გამოსაცდელი ვადით აიყვანეს, მალევე კი მუდმივი თანამშრომლის სტატუსი მიიღო. ირკვევა ისიც, რომ გოგონას პროფესიონალიზმით კომპანია კმაყოფილი იყო, ჰქონდა საკმაოდ მაღალი ანაზღაურება და კარგი სამუშაო პირობები. კომპანიის იურისტის ამ განცხადების მიუხედავად აქაც ისმის კითხვა - მაშინ რატომ იღებს ბაჩალიაშვილი ღამის 4-ის ნახევარზე სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილებას, რასაც თანამშრომელთან გაგზავნილი მესიჯიც ადასტურებს.