
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის მიერ 2021 ფისკალური წლის ასიგნებების აქტის აშშ–ის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტის (FY2021 SFOPs) დამტკიცების თაობაზე ინფორმაცია დღეს გაავრცელა.
2020 წლის 24 ივლისს აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცდა საგარეო ოპერაციების და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტის საკუთარი ვერსია, რომელიც მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ კანონი საქართველოსთვის ითვალისწინებს მნიშვნელოვან საბიუჯეტო ასიგნებებს.
ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.
კანონონპროექტის თანახმად, გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.