
მგონია, რომ პოლიცია საკმარისად კარგად არ მუშაობს - ამის შესახებ განცხადება, სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის დედამ, ქსენია ფილფანიმ, რომელიც დუბაიში იმყოფება, "ფორმულასთან" საუბრისას გააკეთა.
ამასთან, მოზარდის დედა მაშველების მუშაობით კმაყოფილია, თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ არ აცდის გამოძიება მის მეუღლეს სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობას და დაუსრულებლად იძახებენ განყოფილებაში:
"მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რაც შესაძლებელია. რაც შეეხება პოლიციას, მგონია, რომ საკმარისად კარგად არ მუშაობენ. რა ინფორმაციასაც მე ვიღებ, იმის მიხედვით, როგორც მუშაობენ, უბრალოდ წარმოუდგენელია. ჯერ კიდევ არ უნახავთ და არ მიუწოდებიათ ინფორმაცია იმ ვიდეოკამერების ჩანაწერების შესახებ, რომელთა მიხედვით უნდა გაირკვეს გაიარა თუ არა ბავშვმა ის გზა. ერთადერთი კამერაა პოლიციის საგუშაგოსთან და მე-7 დღეა ჯერ კიდევ არ შეუმოწმებიათ ეს ჩანაწერები. ასე არაფერი გამოვა. ჩემი ქმარი მაშველების კოორდინირებაშია ჩართული. მათთან ერთად ეძებს და ნაცვლად იმისა, ბავშვის ძებნა აცადონ, დაუსრულებლად იძახებენ განყოფილებაში. გუშინ იქ მთელი დღე გაატარა. არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ გამომძიებლის გვერდით იჯდა, რომელიც რაღაც საბუთებს ავსებდა. ვფიქრობ ეს მიუღებელია", - განაცხადა ქსენია ფილფანმა.