
"ის, თუ სად მუშაობდა თამო, მეც ტელევიზიიდან გავიგე", - ამის შესახებ განცხადებას 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი აკეთებს.
სალომე თაბაგარის განცახედბით, მისი მეგობარი ოჯახის წევრებს ყოველთვის საქმის კურსი აყენებდა, როდესაც სადმე მიდიოდა.
"თამოს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა ოჯახის წევრებთან. თუ სადმე მიდიოდა, ოჯახის წევრებს საქმის კურსში აყენებდა, ამიტომ ძალიან უცნაურია ჩემთვისაც მისი მხრიდან თვითმკვლელობის ვერსიაზე ფიქრი. არ ვიცი, ამ ყველაფერს ფონად რა უდევს, იქნებ მიიყვანეს ამ გადაწყვეტილებამდე. ბოლო პერიოდი, რაც საფრანგეთში იყო, არ მყავდა ნანახი, მერეც აღარ შევხვედრილვართ ამიტომ ზუსტად არ ვიცი რამეს თუ განიცდიდა. ის, თუ სად მუშაობდა თამო, მეც ტელევიზიიდან გავიგე. კარანტინის დროს მომწერა, მასწავლებელი ვარ და რჩევა აინტერესებდა, სამსახურში პროგრამას წერდნენ, რაც მასწავლებელს ონლაინ სწავლებისას დაეხმარებოდა. სხვა არაფერი ვიცი, რა ტიპის სამსახური ჰქონდა", - განაცხადა სალომე თაბაგარმა.
გარდაცვლილი გოგოს კიდევ ერთი მეგობარი ლედი ოთარაშვილი აცხადებს, რომ ბაჩალიაშილის თავს არ მოიკლავდა.
"ყველამ ვიცით, როგორი განათლებული და კარგი მეგობარი იყო თამო. მოგისმენდა, გვერდში დაგიდგებოდა, რაც არ უნდა ყოფილიყო. მახსოვს მისი სიცილის ხმა და გაბრწყინებული თვალები, ეს ერთ-ერთია, რაც არასდროს დამავიწყდება. თამო არასდროს მოიკლავდა თავს, არასდროს, ვერავინ დამაჯერებს ამას. იმედია ამ საქმეს ბოლომდე გამოიძიებენ", - თქვა მან.
ამ დრომდე უცნობია, თუ რა გახდა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი. 22 ივლისს 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს, ცხედარი 16 წლის მწყემსმა აღმოაჩინა.
წყარო: კვირის პალიტრა