რეზონანსი
22.07.2020

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში მეოთხე დღეა 13 წლის ილია ფილფანს ეძებენ. დაკარგულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბიჭი სახლიდან 18 ივლისს, 11:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

- ილიას ოჯახი ალმა-ატაში ცხოვრობს, ილია იქ დაიბადა და გაიზარდა. ეს ოჯახი იანვარში ჩამოვიდა სვანეთში, მერე პანდემიამაც მოუსწროთ და ლენჯერში ჩარჩნენ. ბავშვი 13 წლისაა, ილია ხშირად სეირნობდა ველოსიპედით. იმ დღესაც, 5 დღის წინ, ისე გავიდა სახლიდან, არავის დაუნახავს, ბავშვიც აორთქლდა და ველოსიპედიც, კაცი არაა მისი მნახველი. სამძებრო სამუშაოები გრძელდება, მასში აქტიურად ჩაერთვნენ მაშველები, მოსახლეობა, ეძებენ ვერტმფრენებიც, მაგრამ მის კვალს აქამდე ვერ მიაგნეს. მაშველები ბავშვს ახლაც ეძებენ, არ შეუსვენიათ. არაა გამორიცხული, უცხო გარემოში ბიჭი რაიმე ხიფათს გადაჰყროდა. მათი სახლიდან ცენტრალურ გზამდე არის სადღაც 300 მეტრი და ქვევით, სამხრეთისკენ ზუგდიდის მიმართულებაა, ზემოთ გზა მესტია-უშგულისკენ მიდის.

სხვათა შორის, ამ ბავშვის ბაბუაც წლების წინ გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. უთქვამს, ზუგდიდში უნდა ჩავიდე, საქმეები მაქვსო და სწორედ იმ ადგილიდან, იმავე მონაკვეთიდან უკვალოდ გაქრა, სადაც ეს ბავშვია დაკარგული. მთელი სვანეთი ამ ამბავს იხსენებს და იმას ამბობს, რომ ისტორია განმეორდა. ბავშვის დედა სტრესის გამო საავადმყოფოშია მოთავსებული და მძიმე მდგომარეიობაშია. გაქრა, აორთქლდა საღსალამათი ბავშვი, გაგიჟებულები ვართ. ილიას რუსი დედა ჰყავს, სულ სახლში იყო ჩაკეტილი, გარეთ არ უშვებდნენ და მისი სამყარო არავინ იცის სამეზობლოში. ყაზახეთში ქალაქში ცხოვრობდა, სვანეთში კი სულ სხვა, უცხო გარემოში მოხვდა. აღარ ვიცით, რა ვიფიქროთ...

წყარო: კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×