
21 ივლისს უბედური შემთხვევა თბილისის ზღვაზე, წყალსაცავთან დატრიალდა. საცურაოდ წყალში შესული ორი მოზარდი დაიხრჩო.
მაშველები დიდხანს ცდილობდნენ ზღვიდან ცხედრების ამოყვანას. შემთხვევის ადგილზე 5 მყვინთავი ეძებდა დაკარგულებს, ჯერ 14 წლის მოზარდის ცხედარი ამოასვენეს, მოგვიანებით, საღამო ხანს, კი მეორე მოზარდსაც მიაგნეს.
სავარაუდოდ, მათთან ერთად თანატოლებიც იყვნენ და სწორედ მათ დარეკეს დასახმარებლად 112-ში.
ფაქტზე გამოძიება სამართალდამცავებმა უკვე დაიწყეს.
როგორც შევიტყვეთ, 14 წლის გარდაცვლილი ბიჭი ლაგოდეხის სოფელ კაბლის მაცხოვრებელი იყო. ის ადრე კაბლის მეორე საჯარო სკოლაში სწავლობდა. სკოლის დირექტორი შაისმაილ ისმაილოვი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ბავშვს დიდი ხანია მათ სკოლაში არ უვლია, რადგან ოჯახმა ის თბილისში წაიყვანა.
"ჩვენი სოფლის მაცხოვრებელია ეს ბავშვი, ოჯახი ჩემს მეზობლად ცხოვრობს. რანსიკა ჰაჯიევის უმცროსი შვილია. ჩვენს სკოლაში დადიოდა, მაგრამ დიდი ხანია ბავშვს სკოლაში არ უვლია. როგორც ვიცი, ოჯახი თბილისში ცხოვრობდა, იქ წაიყვანეს შვილები. ბავშვის მშობლები ბაზარში ვაჭრობდნენ, ბინა ნაქირავები ჰქონდათ. არც ის ვიცი დადიოდა თუ არა ეს ბავშვი თბილისის რომელიმე სკოლაში. ახლა გავიგე ეს სამწუხარო ამბავი. მომხდარზე ვერაფერს გეტყვით, მშრომელ ოჯახში გაზრდილი ბავშვი იყო. ოჯახი ვაჭრობით ირჩენდა თავს", - ამბობს სკოლის დირექტორი.