რეზონანსი
22.07.2020

თბილისის ზღვაზე არ არიან დარაჯები ან მაშველები, არ არის გამაფრთხილებელი აბრები, შესაბამისად ტერიტორია მეტ წილად დაუცველია. გუშინ მომხდარი კიდევ ერთი უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ, დღის წესრიგში ამ ტერიტორიის უსაფრთხოების საკითხი კიდევ ერთხელ დგება.

თბილისის ზღვის ვარკეთილის მხარეს, სადაც კაშხალი მდებარეობს, ერთერთი ყველაზე სახიფათო ადგილია.

ადგილზე მყოფი მეთევზეები ადასტურებენ, რომ ამ ადგილას არასდროს არიან მაშველები. მათი თქმით, ზღვის ღრმა ნაწილში ბანაობა საშიშია და იქ ადრე ტრაფარეტიც იდგა, თუმცა ახლა ისიც აღარ არის.

ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ 2017 წელს შვილის დაღუპვის შემდეგ, მან სასამართლოს მიმართა, რომლის განჩინებითაც თბილისის მერიას დაევალა, შემოეღობა ზღვაზე არსებული ორი საშიში ზონა და სპეციალური სანიშნეები გაეკეთებინა, თუმცა მერიამ საქალაქო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა და საქმე ამ დროისთვის სააპელაციო სასამართლოშია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის, თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში თბილისის ზღვაზე 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 10 არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ზღვიდან გუშინ, 21 ივლისს 2 არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს და ექსპერტიზისთვის პროზექტურაში გადაასვენეს. სამაშველო სამსახური და მყვინთავები ზღვაში შესულ ბავშვებს ექვსი საათის განმავლობაში ეძებდნენ. მასში 5 მყვინთავი იყო ჩართული.

ჯერჯერობით უცნობია, რა ვითარებაში აღმოჩნდნენ მოზარდები წყალში და რა გახდა ტრაგედიის მიზეზი. ერთ-ერთის ოჯახი გუშინ ადგილზე დამოუკიდებელი ექსპერტის საქმეში ჩართვას ითხოვდა, თუმცა ამის საშუალება ოჯახს არ მისცეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×