
არაერთხელ მისაუბრია ქალაქში არსებული ჯიხურების საკითხზე და კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ქალაქში, ცენტრალურ და მნიშვნელოვან ქუჩებზე ჯიხურების არსებობა და განთავსება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ ბეჭდური მედიის გავრცელებას შეუწყონ ხელი, დედაქალაქში პრესის ჯიხურების განსათავსებლად შესაბამისი ადგილები უნდა გამოიძებნოს.
„დღეს მე მინდა ვისაუბრო მიმართულებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს პრესის ჯიხურებს ეხება, რომელიც, რა თქმა უნდა, კონკურენციას ვერ უწევს ჯიხურებს, რომელიც სხვადასხვა პროდუქტით ვაჭრობენ. შესაბამისად, იმისთვის, რომ ჩვენ ბეჭდურ მედიას დავეხმაროთ და პრესის გავრცელებას შევუწყოთ ხელი, გვინდა, რომ ქალაქში გამოიძებნოს შესაბამისი ადგილები, სადაც განვათავსებთ პრესის ჯიხურებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯიხურების დიზაინი, ვიზუალი აუცილებლად იქნება შეთანხმებული ჩვენს შესაბამის სამსახურებთან, რომ მათი დიზაინი ჩადეს ჩვენი ქალაქის იერსახეში, რათა განსხვავებული სურათი არ მივიღოთ"- განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს აღნიშნულ საკითხზე მუშაობა და აუქციონის გამოცხადება დაავალა.
„მინდა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ აუქციონის გამოსაცხადებლად მზადება დაიწყოთ და ამ მიმართულების განვითარებას ხელი შევუწყოთ. მსგავს ჯიხურებს მხოლოდ და მხოლოდ პრესის მიმართულებით მუშაობა მოუწევთ. დაამუშავეთ, განსაზღვრეთ კონკრეტული ადგილები და აუქციონი გამოაცხადეთ", - აღნიშნა თბილისის მერმა.