
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხვების სერია შს სამინისტროში ისევ გრძლედება. ამჯერად გამომძიებლების შეკითხვებს კონსტანტინე ღიბრაძე, იგივე დი–ჯეი კოკომ და იუბილარმა ანი გაბეჩავამ უპასუხეს. მათი ადვოკატების თქმით, უცნობია, რატომ გახდა კიდევ ერთხელ საჭირო მოწმეების ხელახლა დააკითხვა.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები კი საქმის მასალების გადაცემას ითხოვენ - ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ.
ამ დრომდე უცნობია, ვის წაუყენებენ ბრალს 19 წლის ფეხბურთელის განზრახ ჯგუფური მკვლელობის მუხლით და არის თუ არა საქმის ახალ ტომებში ისეთი მტკიცებულებები, რაც საქმეზე უკვე დაკავებულებს ბრალს დაუმძიმებს. როგორც ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, ის და შაქარაშვილის მშობლები პროკურატურაში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, საიდანაც იმედიანად გამოვიდნენ და დარწმუნებულია, რომ პროკურატურას ბრალის დამძიმებისთვის მტკიცებულებები საკმარისი ექნება.
ადვოკატებმა საქმის მთავარი მოწმეების მაგისტრი მოსამართლეების თანდასწრებით გამოკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს და ამტკიცებენ, რომ მოწმეების ჩვენებებში ცდომილებებია. ირაკლი წაქაძის, საბა გოგშელიძის და საბა ჩხარტიშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში სულ 21 ტომია და თითოეულ მათგანს სხვადასხვა მასალები სჭირდება დაცვის სტრატეგიის შესამუშავებლად.
ადვოკატები ადასტურებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი სამივე პირი ჩხუბის პირველ ეპიზოდში მონაწილეობდა და უშუალოდ შაქარაშვილთან დაპირისპირების მომენტში ისინი ადგილზე არ იმყოფებოდნენ. შესაბიმისად, პროკურატურას მათ წინააღმდეგ ბრალის 109-ე მუხლით წაყენების საფუძველი არ აქვს. დაცვის სამომავლო სტრატეგიაზე კი ადვოკატები მხოლოდ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ისაუბრებენ.
ადვოკატი ვასილ მამულაშვილი „რეზონანსთან“ აცახდებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ის ინფორმაცია, რასაც მოწმეები გამოძიებას აწვდიან, სულ უფრო და უფრო აბსურდი ხდება. დარწმუნებულია, რომ პროკურატრას განზრახ მკვლელობის მუხლის გადაკვალიფიცირებისთვის მტკიცებულებები არა აქვს.
„მიგვაჩნია, რომ ამ პირების მიერ მოწოდებული ინფორმაცია კიდევ უფრო აბსურდული გახდება და წრმოუდგენელია, რომ ამ ჩვენებების მიხედვით პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი დაუმძიმოს. ხელჩასაჭიდი არაფერი აქვთ და რის საფუძველზე უნდა გადაკვალიფიცირდეს მუხლები, წარმოდგენა არ მაქვს. საქმეში ბევრი უზუსტობა და აცდენილი ჩვენებებია. ეს საქმე სასამართლოში უბრალოდ დაიშლება,“ - ამბობს ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.
გიორგი შაქარაშვილის საქმეს სახალხო დამცველი მონიტორინგს უწევს. მან საქმის მასალებზე წვდომა პროკურატურას ცოტა ხნის წინ სთხოვა. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ შაქარაშვილის საქმის ჩვენებებში არსებობს უზუსტობები.
„ყველა გარემოებას ვსწავლობთ. გვინდა, რომ სრულყოფილი ინფორმაცია და პოზიციები გვქონდეს. გარკვეული არათანხვედრა ჩვენებებშიც ჩანს და გვაქვს კითხვები, თუმცა განვაგრძობთ სწავლას, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით გავაკეთოთ შეფასება," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
საქმეში ასევე ყველააზე დიდი კითხვები ექსპერტიზის დასკვნამ გააჩინა. ორგანიზაცია „ემპათიის“ დამოუკიდებელი ექსპერტების მტკიცებით, შესაძლოა შაქარაშვილი წყალში ჩაგდებამდე 48 საათის გარდაცვლილი ყოფილიყო. ასევე ექსპერტების მტკიცებით, ის ჯერ ზურგზე იწვა რაღაცა პერიოდის განმავლობაში, შემდეგ კი გადმოატრიალეს. ასევე დასკვნაში არ არის გამოკვლეული მის ორგანიზამში ნამდვილად იყო თუ არა მდინარე არაგვის ნაწილაკები და მისი დახრჩობა მოხდა თუ არა აღნიშნულ წყალში.
19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა, რამდენიმე დღეში ის მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე ამ დროისთვის 17 პირია დაკავებული. წინასასამართლო სხდომა 31 ივლის უნდა გამართულიყო, თუმცა პროკურატურამ ვადის გაგრძელება ერთი თვით ითხოვა.