
შაბათიდან 23 წლის გოგოს პოლიცია და ოჯახი უშედეგოდ ეძებს. თამარ ბაჩალიაშვილის კვალი ბოლოს თეთრიწყაროს მუნიცეპალიტეტის სოფელ გოლთეთის ცენტრში იკარგება. სწორედ ამ ადგილიდან ქრება ახალგაზრდა პროგრამისტი და მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია. ვერსად პოულობენ მის ავტომობილსაც. მას პოლიციელები დრონებით და ძაღლებით ეძებენ, თუმცა ჯერჯერობით მისი ვერანაირი კვალი ვერ ნახეს. გოგონა გაუჩინარდა ისე, რომ არც არვის დაკავშირებია.
დაზუსტებით ასევე არავინ იცის, რა მიზნით გაემგზავრა ახალგაზრდა ქალი მარნეულისკენ, სადაც მას არც ახლობლები და არც ნაცნობები არ ჰყავს. ბაჩალიაშვილის ავტომობილის მოძრაობის ტრაექტორია სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, თუმცა მისი კვალი მალევე საბოლოოდ ქრება. გოგონას დედა ვარაუდობს, რომ მის შვილს სახლიდან გასვლა აიძულეს და არ არის აგმორიცხული, რომ თავისუფლება იძულებით აღუკვეთეს.
ბაჩალიაშვილი სახლიდან შაბათ დილას გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. დედას ეჭვი აქვს, რომ მისი შვილი მარნეულის მიმართულებით მოტყუებით წაიყვანეს. თუმცა ვინ და რატომ, ოჯახის წევრებს არანაირი ვერსია არ გააჩნიათ.
პოლიციამ ასევე დაკითხა მისი უახლოესი მეგობრები, რომლებიც კატეგორიულად უარყოფენ ფაქტს, რომ მას მეგობარი ბიჭი ჰყავს. მეგობრები ამბობენ, რომ გაიცნო თუ არა ვინმე გოგონამ, მათვის უცნობია და ამის შესახებ არაფერი უთქვამს. არც რაიმე შანტაჟის და მუქარის შესახებ მოუყოლია.
იმ დროს კი როდესაც გოგონამ სახლი დატოვა, შინ არავინ იყო. მეზობლებმა არ იციან, როდის გავიდა თამუნა სახლიდან, თუმცა მანამდე ბინიდან არც ხმაური გაუგიათ და არც ის შეუმჩნევიათ, რომ სადარბაზოში ვინმე უცხო პირი შესულიყო.
როგორც ირკვევა, 23 წლის გოგომ საკუთარი ავტომობილით ქვემო ფონიჭალა დაახლოებით დილის 10 საათის შემდეგ დატოვა. არსად შეჩერებულა. 11 საათზე კამერები მას მარნეულში აფიქსირებენ. დაახლოებით 12 საათისკენ კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან. ამ ადგილიდან დაკარგულის ავტომობილი ვიდეოკამერებს აღარ შეუნიშნავთ. ოჯახი ამბობს, რომ ამ სოფლებში ნათესავები არ ჰყავთ. არც თავად თამარს ჰყოლია ნაცნობები. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით მისი წასვლის მოტივი ოჯახისთვის გაუგებარია.
სოფელ ხაიშიდან რამდენიმე კილომეტრში თამუნას კვალი სოფელ გოლთეთში ჩნდება. ამ სოფელში რამდენიმე ადამიანმა ნახა როგორ მოძრაობდა თავის მანქანით.
ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ არის რამდენიმე ადამიანი ვინც მსგავსი მოდელის და ფერის ავტომობილი სოფლის ცენტრში შენიშნა. ისინი პოლიციამაც დაკითხა თუმცა, არ დაუნახავთ გოგონასთან ერთად იჯდა თუ არა ვინმე ავტომობილში.
„ვერცხლისფერი „ჰიუნდაი აქცენტით", დაახლოვებით 12 საათზე ზემო უბანში დაუნახიათ. არც გაუჩერებია და არც მაღაზიაში შესულა. თითქოს რაღაცას ეძებდა, არავინ იცის. მერე ავტომობილი მობრუნებულა და წასულა. ადგილობრივებმა მხოლოდ ეს დაინახეს. ვინმე ეჯდა თუ არა ავტომობილში, არავინ იცის. თვალი შორიდან მოუკრავთ. პოლიცია აქ უკვე მეთხე დღეა დადის. ადგილებს ჩხრეკენ და ყველა სოფლის მცხოვრებელს კითხავენ. როგორც ვიცი, სახელბსაც ათვალიერებენ“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.
ოჯახმა პოლიციას გოგოს გაუჩინარებიდან ექვს საათში მიმართა. პირველი სამძებრო სამუშაოები საღამოს რვა საათიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. თეთრიწყაროს პოლიციაში დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ ეძებენ ყველგან. მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივებიც ჩაერთვნენ, გამოკითხულია სოფელ გოლთეთისა და ხაიშის თითქმის ყველა მაცხოვრებელი, თუმცა ვერც გოგოს და ვერც მის ავტომობილს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.
პარალელურად, გამოკითხვების სერია დაიწყო ქვემო ფონიჭალის პოლიციის სამმართველოშიც. გოგოს უახლოეს მეგობარს, დეა კაპანაძეს, გამომძიებლები ექვს საათზე მეტხანს ჰკითხავდნენ. ის ამბობს, რომ მეგობარს რამდენიმე დღის წინ ესაუბრა და დაზუსტებით იცის, რომ მას მარნეულისა და თეთრიწყაროს ტერიტორიაზე ნაცნობები არ ჰყოლია. თამარის გაუჩინარების მიზეზებსა და ვერსიებზე მეგობარს საუბარი უჭირს. მისი თქმით, მას მეგობარი ბიჭი არ ჰყოლია.
ოჯახს აქვს ინფორმაცია, რომ გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. მშობლებს მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ შვილის გაუჩინარებას წინ ოჯახური კონფლიქტი არ უძღოდა. ეჭვობენ, რომ ვინმემ გაიტყუა, ან აიძულეს მარნეულისა და ხაიშის გავლით თვითონვე მისულიყო ადგილზე, სადაც მანამდე არასოდეს ყოფილა.
„არ ჰყავდა მეგობარი ბიჭი, რომ იფიქრო გათხოვდა ან ვინმესთან ერთად გაიპარა. ახლო მეგობრები ვართ და ვინმე რომ გაეცნო, მიმოწერა ჰქონოდა, მსგავსი რამ არ უხსენებია. ვფიქრობ, თავისი ნებით არის წასული, მაგრამ შესაძლოა ნაცნობმა წაიყვანა და მერე თუ სხვა რამ მოხდა, არ ვიცი,"- ამბობს გოგონას მეგობარი დეა კაპანაძე.
მედიის მეშვეობით კი გოგონას დედა სპეციალურ მიმართვას ავრცელებს და საკუთარ შვილს გამოჩენას სთხოვს. თეონა ბაჩალიაშვილი ვარაუდობს, რომ მის შვილს სახლიდან გასვლა აიძულეს.
„ერთი სიტყვით გამაგებინე ცოცხალი ვარო, დე… ვიცოდე, რომ აღარ ვინერვიულო, ვკვდები ისე ვნერვიულობ“, - მიმართავს ის დაკარგულ გოგონას.
ქალის თქმით, შვილი ბოლოს მძინარე ნახა. შუადღისით დაურეკა და უკვე გათიშული ჰქონდა ტელეფონი. დედა ვარაუდობს, რომ როდესაც კამერებმა გოგონას ავტომანქანა ხაიშში დააფიქსირა, სავარაუდოდ იმ დროს მარტო არ იმყოფებოდა.
„ფაქტია, რომ ჩემი შვილი კარგად და ჯანმრთელად რომ იყოს, ასე არ გამიმეტებდა. ბავშვი ზემო ფონიჭალას არ არის გაცილებული და რატომ წავიდოდა უცხო ტერიტორიაზე“, – ამბობს თეონა ბაჩალიაშვილი.
დაკარგული გოგონას ძმა ამბობს, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ოჯახს ნაცნობები არ ჰყავს და შესაბამისად, გოგონას იქ წასვლის მოტივიც მისთვის გაუგებარია.