
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა, მგარამ ჯერ კვლავ გაურკვეველია კითხვაზე პასუხი - ვინ მოკლა 19 წლის ფეხბურთელი. ახლა ცენტრალური კრიმინალური პოლიცია ხელახლა იძიებს და ახდენს მოწმეების დაკითხვას, რათა განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულებს ბრალი წაუყენოს. პროკურატურა გამოძიებისთვის ერთი თვით ვადის გაგრძელებას ითხოვს. 31 ივლისს პირველი სასამართლო სხდომა იყო ჩანიშნული, თუმცა, გამოძიება მის 31 აგვისტომდე გადაწევას ითხოვს.
დაკავებულები ადვოკატები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ პირველ წინასასამართლო სხდომამდე 10 დღით ადრე პროკურატურის ეს მოთხოვნა ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ კონკრეტული მტკიცებულებები იმისთვის, რათა დაკავებულებიდან რამდენიმეს მაინც წარუდგინონ ბრალი სსკ-ის 109-ე, ანუ განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში.
ასევე ადვოკატებისთვის გაუგებარია, რატომ მიმართავს ამ თხოვნით პროკურატურა მცხეთის სასამართლოს, მაშინ, როდესაც გამოძიებას უკვე თბილისის კრიმინალური პოლიცია აწარმოებს.
დაკავებული მოჭიდავის გიორგი ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ პროკურატურის ამ ნაბიჯს ელოდებოდა კიდეც, რადგან საქმეში არ დევს ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც შოთაძის უწყებას ბრალის დამტკიცებისთვის გამოადგებოდა.
„რა თქმა უნდა, ვადის გადაწევის მოთხოვნას ველოდებოდი. საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც დაკავებულებს ბრალს 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენებენ. საქმეში ქაოსია და ამიტომაც სასამართლოში მისი გამყარება გაუჭირდებათ. არც ის ვიცი ერთი თვის განმავლობაში რას შეძლებენ, როცა აქამდე ვერაფერი შეძლეს“, - აცხადებს ყიფშიძე.
აღსანიშნავია, რომ საქმეში ფიგურირებენ არასრულწლოვნები, რომელთან დაკავშირებითაც კანონმდებლობაში ვადები არის შემჭიდროვებული და ეს ვადები 31 ივლისს იწურება, სწორედ ამიტომ იყო პირველი წინასასამართლო სხდომა ამ დღეს. გიორგი ყიფშიძის თქმით, პროკურატურას ამ ვითარებაში ორი გამოსავალი აქვს, მათ ან ცალკე უნდა გამოყონ არასრუწლოვნების საქმე ან მათ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალონ და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ.
შსს-ში კვლავ მიმდინარეობს შაქარაშვილის საქმის ფიგურანტების გამოკითხვები. ამ გამოკითხვაზე მეორედ იკითხება ერთ-ერთი არასრულწლოვანი. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ.
გამომძიებლებმა სამხარაულის ბიუროს შემთხვევის ადგილზე დამატებითი, ბიოლოგიური და მიკრონაწილაკური ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით მიმართა. სავარაუდოდ, პროკურატურას ამ ექსპერტიზის დასრულებისა და დასკვნის დადების შემდეგ ექნება მტკიცებულებები, რათა საქმე სასამართლოში განზრახ მკვლელობის პუნქტით წაიღოს.
იგეგმება სხვადასხვა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაც. ამ საკითხზე ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის უფლებადამცველი პენიტენციური დაწესებულებისთვის ოფიციალურად მიმართვასაც გეგმავს.
არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატის ვასილ მამულაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება მის ინტერესებში არ შედის.
"მიზეზად ასახელებენ იმას, რომ სრულყოფილი გამოძიებისთვის სჭირდებათ დამატებითი დრო. ამას სჭირდება დასაბუთება. როდესაც გავეცნობით შესაბამის არგუმენტს, გვაქვს კანონით მონიჭებული ვადა პოზიციის დასაფიქსირებლად. შესაბამისად თუ მტკიცებულებებია, არ არსებობს ინტერესი, რომ წინასასამართლო სხდომის ვადა გაგრძელდეს,"- განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.
გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები, მათ შორის, მირიან ნიკოლაძე მთავარ პროკურორს შეხვდნენ. როგორც პროკურატურაში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ირაკლი შოთაძეს ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობის საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს, აქვს თუ არა გამოძიებას ახალი გარემოებები, ასევე განიხილეს ამ ეტაპზე არსებული ყველა დეტალი. ამავე შეხვედრას ესწრებოდნენ პროკურატურის სხვა მაღალჩინოსნებიც.
გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების ვადის გახანგრძლივების მოთხოვნას უკავშირდება, პროკურორთან გამართულ შეხვედრას არ უკავშირდება. ადვოკატისვე თქმით, გამოძიების ამ ეტაპზე, არსებობს მტკიცებულებების ერთობლიობა რომელიც საქმის ფიგურანტი ექვსეულის ბრალეულობას ამტკიცებს.