ვანო მთვრალაშვილი: “მდგომარეობის გამოსწორება რეალურად შესაძლებელია და ყველა წინაპირობაა ამისთვის“
რეზონანსი
20.07.2020

 კორონავირუსმა ნავთობროდუქტების იმპორტის და მოხმარების ტემპი შეასუსტა, თუმცა აშკარაა, რომ გარკვეული ტიპის ნავთობპროდუქტების იმპორტში მდგომარეობის გამოსწორება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. ეს ეხება საგზაო ბიტუმსა და საავტომობილო ზეთებს, რომლის იმპორტიც ეკონომიკის გახსნამ საგრძნობლად გამოაცოცხლა და მომავალშიც ამ მხრივ მეტი პერსპექტივაა. 

კერძოდ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის ივნისში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,47ათასი ტონა, რაც 0,41 ათასი ტონით, ანუ 38,7%-ით მეტია მაისის მაჩვენებელთან (1,0 6ათასი ტონა) შედარებით და 0,43 ათასი ტონით, ანუ 22,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,90 ათასი ტონა) შედარებით. 

რაც შეეხება იმპორტის გადანაწილებას ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან. ხოლო იმპორტიორ უმსხვილესი ქვეყნების სამეულში მეორე-მესამე ადგილებს რუსეთი, გერმანია და აზერბაიჯანი ინაწილებენ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის, ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 7,55 ათასი ტონა, რაც 1,91 ათასი ტონით, ანუ 20,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,46 ათასი ტონა) შედარებით.

,,ძირითადი მიზეზი, რის გამოც ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება შემცირდა, კორონავირუსს უკავშირდება. ერთი თვის განმავლობაში საქართველოში მკაცრი კარანტინი იყო და ეკონომიკა მნიშვნელოვნად შეიზღუდა. ამან საწვავზე მოთხოვნის კლება გამოიწვია, რაც ბუნებრივია. მას შემდეგ, რაც რიგი მიმართულებები გაიხსნა, რამდენიმე კატეგორიის საწვავის, მათ შორის, საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი და მოხმარება იზრდება. 

საავიაციო ნავთი ნავთობპროდუქტების ინდუსტრიაში ერთადერთია, რომელსაც პანდემია ყველაზე მეტად შეეხო. მოგეხსენებათ, რომ მნიშვნელოვნად შეზღუდულია ავიამიმოსვლა, რის გამოც საავიაციო ნავთის იმპორტში მნიშვნელოვანი კლებაა. დინამიკაში ეს აშკარად შესამჩნევია. ამდენად, თუკი საგზაო ბიტუმის იმპორტი გამოცოცხლდა, ჯერჯერობით ეს პერსპექტივა საავიაციო ნავთის იმპორტში არ ჩანს, რადგან საჰაერო მიმოსვლა არ არის აღდგენილი. ეს რჩება პრობლემად, სხვა მხრივ მდგომარეობის გამოსწორება რეალურად შესაძლებელია და ყველა წინაპირობაა ამისთვის“, - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ ვანო მთვრალაშვილმა.  

როგორც აღვნიშნეთ, ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის ივნისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,51 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 34,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: რუსეთი -  0,28 ათასი ტონა (19,0%),  აზერბაიჯანი - 0,13 ათასი ტონა (8,8%); გერმანია - 0,11 ათასი ტონა (7,5%) და სხვ.

იანვარ-ივნისში საცხებ-საპოხი მასალების ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 1,62 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 21,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი -  1,08 ათასი ტონა (14,3%),  ირანი - 0,97 ათასი ტონა (12,8%), გერმანია - 0,70 ათასი ტონა (9,3%), აზერბაიჯანი - 0,46 ათასი ტონა (6,1%); და სხვ.

რაც შეეხება საავიაციო ნავთის იმპორტს, 2020 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, ზრდაა, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია. კერძოდ, ინფორმაციით, საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 6,5 ათასი ტონა, რაც 3,5 ათასი ტონით, ანუ 116,7%-ით აღემატება მაისის მაჩვენებელს (3,0 ათასი ტონა)  და 2,3 ათასი ტონით, ანუ 26,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (8,8 ათასი ტონა)  შედარებით. 

ივნისში საავიაციო ნავთის იმპორტის 86,2%  (5,6 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 13,8% (0,9 ათასი ტონა) - თურქეთიდან.

რაც შეეხება წლის პირველი ნახევრის მონაცემს, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 28,9 ათასი ტონა, რაც 22,8 ათასი ტონით, ანუ 44,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (51,7 ათასი ტონა) შედარებით.

,,მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საავიაციო ნავთის იმპორტის 79,2%  (22,9 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 12,8% (3,7 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 7,6% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან, 0,1% (0,03 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან.

2020 წლის ივნისში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 15,6 ათასი ტონა, რაც 7,9 ათასი ტონით, ანუ 102,60%-ით მეტია მაისის თვის მაჩვენებელთან (7,7 ათასი ტონა) შედარებით და 3,9 ათასი ტონით, ანუ 20,0%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,5 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის 59,0%  (9,2 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 26,3% (4,1 ათასი ტონა) - ერაყიდან, 12,8% (2,0 ათასი ტონა) - რუსეთიდან, 1,9% (0,3 ათასი ტონა)  - ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ ,,ბიზნეს-რეზონანსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 41,1 ათასი ტონა, რაც 22,6 ათასი ტონით, ანუ 35,5%-ით ნაკლებია. აქედან იმპორტის 55,7% (22,9 ათასი ტონა) საქარველოში  აზერბაიჯანიდან შემოვიდა. შემდეგ მოდის: ირანის ისლამური რესპუბლიკა - 18,5% (7,6 ათასი ტონა), ერაყი - 17,0% (7,0ათასი ტონა), რუსეთი - 5,6% (2,3 ათასი ტონა), სომხეთი - 2,2% (0,9 ათასი ტონა), გაერთიანებული საემიროები - 0,5% (0,2 ათასი ტონა), თურქეთი - 0,5% (0,2 ათასი ტონა).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×