
ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ფიქრობს, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე არ არის შესრულებული და პრინციპული პოზიცია უკავია ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ახლა, როცა წინასაარჩევნოდ რჩება საკმაოდ მცირე დრო, მნიშვნელოვანია, თითოეულმა პარტიამ დაიწყოს კამპანია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით, ელჩმა უპასუხა კითხვას: „საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემას ცვლის საქართველოში. 8 მარტის შეთანხმების საკითხი ამოწურულია, თუ რჩება გიორგი რურუას გათავისუფლების თემა?“.
ამასთან, დეგნანმა ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირების თაობაზე და აღნიშნა, რომ მოქალაქეებს უნდა აუხსნან, რას ნიშნავს ახალი საარჩევნო კოდექსი და რა იცვლება.
ელჩის შეფასებით, გასათვალისწინებელია „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ვითარებაც.