
მიუნხენი - თბილისი - მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო ავიამიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება. ფრენებს კი გერმანული ავიაკომპანია "ლუფტჰანზა" შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დღეს გაავრცელა. ცნობილი ხდება, რომ ავიარეისები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:
მიუნხენი - თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
თბილისი - მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.
"მთავარი არხი" დაინტერესდა, რა ღირს ამ მიმართულებით ფრენა ავიარეისების დაწყების დღეს, მაგალითად, 3 აგვისტოს - თბილისი - მიუნხენის რეისზე.
აღმოჩნდა, რომ 3 აგვისტოს, ორშაბათს, თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით, პირდაპირი ფრენის ღირებულება, არც მეტი, არც ნაკლები, 7 142 ლარია. ფრენის ხანგრძლივობა 4 საათსა და ათ წუთს შეადგენს. სოციალურ ქსელში მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დღის განმავლობაში, ფრენის ღირებულება, 4 820 ლარი იყო. გამოდის, რომ ეს ფასი ცვალებადია.
ამავე მიმართულებით, ისევ სამ აგვისტოს, საიტზე იძებნება სხვა ავიაკომპანიებისა და სხვა ფასის ფრენებიც. თუმცა, ცნობილია, რომ ამ ეტაპზე, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-მ, სამოქალაქო ავიცაციის სააგენტომ მოლაპარაკებები წარმატებით, მხოლოდ გერმანულ ავიაკომპანიასთან აწარმოა. შესაბამისად, ამ დროის მონაცემებით, ფრენებს მხოლოდ ეს კომპანია განახორციელებს.