
ყველა შხამიანი გველი, რომელიც საქართველოშია გავრცელებული, ჰემოტოქსიკურია და სისხლჩაქცევებს იწვევს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ როცა შხამი ორგანიზმში ხვდება, მისი ფერმენტული სისტემა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. განსაკუთრებით გამოვყოფდი გიურზას. მისი კბენის შეთხვევაში, გართულებების რისკი ძალიან მაღალია, - განაცხადა ტოქსიკოლოგმა ეკა ქურდაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, გადაცემაში „ანატომია".
„ბუნებრივია, კბენისას სხეულის ქვედა ნაწილები ნაკლებად საშიშია, ვიდრე - ზედა: კისერი, თავი. პრობლემაა, როცა შხამი მსხვილ სისხლძარღვში ხვდება, რადგან, ამ შემთხვევაში, სისხლის მიმოქცევა უფრო სწრაფია. სასურველია, თან ვატაროთ ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტი. მოსალოდნელი გართულებები ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა, სასურველია, ადამიანმა რაც შეიძლება მალე მიაკითხოს სამედიცინო დაწესებულებას. ლახტის მოჭერა კატეგორიულად არ შეგვიძლია, ეს შხამის გავრცელებისგან ა რ გვიცავს, პირიქით, უფრო ღრმად შედის და პენეტრაცია უფრო მეტია და ამასთან, ალკოჰოლიც არაა სასურველი, რადგან შხამის გავრცელებას ხელს უწყობს. არ გვინდა ზედმეტი ჩარევა, არც - ადგილობრივად გაკაწვრა. სჯობს, სხეულის ნაკბენი ნაწილი არ დაიტვირთოს. არის რეკომენდაცია, რომ ამ დროს ადამიანმა ჰორიზონტალური მდგომარეობა მიიღოს, გულის დონეზე დაბლა. თუმცა, კიდურის ძალიან დაბლა, ჩამოკიდებულ მდგომარეობაში გაჩერებაც არ შეიძლება. უმჯობესია, პაციენტმა მოსვენებული მდგომარეობა მიიღოს, ჰორიზონტალური და ასე მოხდეს მისი სტაციონარიზაცია, რაც შეიძლება, მალე.
კბენის დროს, მნიშვნელობა აქვს, ზედაპირულია ნაკბენი, თუ ღრმა. რადგან ჩვენი გველები ჰემოტოქსიკური და არა ნეიროტოქსიკური, ნაკბენი სისხლის უჯრედების პრობლემას იწვევს. ადგილობრივად, კბილების ნაკვალევი აუცილებლად იქნება შესამჩნევი და შხამიანი გველის ნაკბენის შემთხვევაში, შეშუპების გამო, სისხლჩაქცევა გაჩნდება" - განაცხადა ტოქსიკოლოგმა.