
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელმაც ოკუპანტების ტყვეობაში 48 დღე გაატარა, სოფელ ქვემო ჭალაში ჩავიდა, სადაც ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადა და თავისი გამოცდილება გაუზიარა.
ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების მიერ გატაცებულ და დაჭრილ ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს მეუღლესთან ერთად შეხვდა.
„ჩამოვედით რომ.მხარი დავუჭიროთ ზაზა გახელაძის ოჯახს იმ მძიმე ვითარებაში, რომელშიც ისინი დღეს არიან. ჩემს ოჯახს გამოვლილი აქვს ეს მწვავე სიტუაცია და ვიცით, რა არის საჭირო, რომ სამართალმა გაიმარჯვოს. აუცილებელია ყველას თანადგომა, პრეზიდენტის, მთავრობის, ხალხის, რათა ზაზამ თავი მარტო არ იგრძნოს. ეს თანადგომა სჭირდება ყველა დაკავებულს, მაგრამ ზაზას - განსაკუთრებით, რადგან მსგავსი გაუგონარი შემთხვევა მგონი ბოლო 10 წელი არ მომხდარა.
ცხინვალი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებს, ზაზამ ხან 2-ჯერ, ხან 8-ჯერ, ხან 10-ჯერ ისროლა, ხვიჩა მღებრიშვილს ღამურების კოლექცია ჰქონდაო, ვიღაცას შეიძლება პუტინზე თავდასხმის მცდელობა დააბრალონ. ახალი პრაქტიკა აქვთ - პირდაპირ სისხლის სამართლის საქმეს უკერავენ, მხოლოდ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით აღარ იფარგლებიან, ამიტომ ამ ყველაფერს ჩვენი ერთიანობა და თანადგომა უნდა დავუპირისპიროთ", - განაცხადა გაფრინდაშვილმა შეხვედრის შემდეგ.