რეზონანსი
18.07.2020

მთავარია, რამდენად შევძლებთ ძალიან გამჭირვალე, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და წინასაარჩევნო პროცესში ტემპერატურის დაწევას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება „ქართული ოცნების" საარჩევნო სიას, ცქიტიშვილის თქმით, წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის ახალი სახეები იქნებიან.

„საარჩევნო წელია, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელია. თუმცა, მთავარი არის ის, თუ რამდენად შევძლებთ ძალიან გამჭირვალე, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, რამდენად შევძლებთ, მათ შორის წინასაარჩევნო პროცესში ტემპერატურის დაწევას.

ვიყოთ უფრო კონსტრუქციულები, უფრო პოზიტიურები ამ საარჩევნო კამპანიის პროცესშიც და ერთმანეთს შევეჯიბროთ არა მხოლოდ დაპირებებით, არამედ გაკეთებული საქმეებით, მათ შორის, იმ ხედვებით, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით გვაქვს.

რაც შეეხება უშუალოდ ადამიანებს ამა თუ იმ სიაში, ბუნებრივია იცით, რომ „ქართული ოცნება" არის ძალიან მდიდარი საკადრო რესურსით. პარტიაში, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მაჟორიტარი ამა თუ იმ რეგიონში, ვინ იქნება პროპორციულ სიაში და ჩვენ ეტაპობრივად ამას, ყველაფერს საზოგადოებას წარვუდგენთ.

ორშაბათს იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია წარდგენილი. პროპორციულ სიასთან დაკავშირებით იქნება უფრო მოგვიანებით. შესაბამისად, ორშაბათს შევძლებთ ვნახოთ, ვინ იქნება მაჟორიტარი და ვინ იქნება შემდგომში სიაში. ახალი სახეები აუცილებლად იქნება და ყოველთვის არის. ჩვენ ყოველთვის წარვადგენთ ყველა პოზიციაზე ახალ ადამიანებს პარტიაში, ახალგაზრდებსაც, ქალბატონებსაც და შესაბამისად ვნახავთ", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×