
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე მიიჩნევს, რომ გამოძიება ე.წ. ოქროს მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს უფრთხილდება.
„მოგეხსენებათ, გურამ ამირხანაშვილი გამოკითხვაზე მეხუთედ დაიბარეს. მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები იყო დასაზუსტებელი, რაც გამოძიებამ არ დააზუსტა.
სავარაუდოდ, გამოძიება, ამირხანაშვილს უფრთხილდება, ცივ ნიავს არ აკარებს და არ უნდა, რამე დისკომფორტი განიცადოს, რადგან ერთადერთი „ოქროს მოწმე" ჰყავთ. გამოძიება ფაქტია, რომ ამირხანაშვილის იმედზეა, ეს მოწმე რომ არ ჰყავდეთ, ის ბრალი, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს აქვთ, ვერ ექნებათ.
მთელი რიგი უზუსტობებიდან გამომდინარე, ჩვენ ვაპირებთ, ის გამოვკითხოთ, დროები დავაზუსტოთ, რამ განაპირობა ჩვენებების შეცვლა და ა.შ.", - აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.
შეგახსენებთ, რომ გურამ ამირხანაშვილი გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მეგობარია. ის არაგვის ხიდზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, თბილისიდან ჩასულმა „ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილმა თბილისში ჩამოიყვანა.
მანქანაში მჯდომ პირებს საგამოძიებო უწყება ამირხანაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასაც ედავება.