რეზონანსი
17.07.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში კვლევებისთვის საჭირო ღამურების დასაჭერად ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის გადასვლის შესახებ ოსური მედიის ინფორმაცია არის ტყუილი და დადგმული პროვოკაცია.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ლუგარის ლაბორატორის კვლევებისთვის საჭირო ნიმუშებს შესაბამისი თანამშრომლები თავად აგროვებენ.

„ლუგარის ლაბორატორიას თავად ჰყავს ჯგუფი, რომელიც დადის და აგროვებს ნიმუშებს კვლევებისთვის. ეს ინფორმაცია არის ჩვენი არამოსურნე მეზობლების მიერ ჩვეულებრივი ტყუილი, დადგმული პროვოკაცია. ლუგარის ლაბორატორიაში ღამურებზე ბევრი კვლევა ტარდება. ცოფს ვეძებთ ღამურებში, სხვა დაავადებას ვეძებთ, მათ შორის, სხვა ტიპის კორონავირუსებს ვეძებთ. ღამურები ერთ-ერთი გადამტანია სხვადასხვა დაავადების და ბევრი კვლევა ტარდება. ჩვენ ხალხს კი არ ვეუბნებით მოგვაწოდონ, სპეციალური ჯგუფებია ჩვენი ზოოენტემოლოგიური ჯგუფები, ვინც იკვლევენ და ეძებენ ამ ნიმუშებს," - განაცხადა გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან".

ცნობისთვის, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის" ინფორმაციით, 3 ივლისს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილი დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზეზად ღამურების მოძებნას და შემდგომ ლუგარის ლაბორატორიისთვის 5000 აშშ დოლარად რეალიზაციას ასახელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×