
17 ივლისს ხათუნას კონცერტი გაიმართება. მცხეთაში, ერთ-ერთ რესტორანში მომღერალი მეგობრებს შეხვდება და კარანტინის შემდეგ ყველას ჩაეხუტება - ამბობს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ჟორდანიას უფროსი ქალიშვილი ნინი ქარსელაძე.
"ამ კონცერტის ჩატარება ხათუნას მეგობრების იდეა იყო. პირველ რიგში რუსა მორჩილაძის... უნდოდა მონატრებული ადამიანები ერთმანეთისთვის შეეხვედრებინა, რა თქმა უნდა, ხათუნაც მონაწილეობს ამ კონცერტში. უბრალოდ სიყვარულისთვის ვიკრიბებით, მცხეთაში, რესტორან "მარანში".
ხათუნა ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადება, დიდი ხანია სახლიდან არ გასულა, მძიმე პერიოდი გავიარეთ. მისი განწყობა ახლა განსაკუთრებულია, შეხვდება ყველა იმ ადამიანს ვინც მოენატრა. მთელი კარანტინი ხათუნა გამოკეტილი მყავდა, არავისთან კომუნიკაციის საშუალებას არ ვაძლევდი. ახლა კი ყველა იმ ადამიანს ჩაეხუტება ვინც ძალიან ენატრება და ვისაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის გულში.
იმ პერიოდში გაუჭირდა, მაშინ როდესაც ექიმმა ყველაფერი უთხრა. მე ვუმალავდი. თავიდან ცოტა დათრგუნული იყო, მაგრამ ეს პერიოდიც მალე გადავიარეთ", - განაცხადა ნინი ქარსელაძემ "ambebi.ge"-სთან.
ხათუნა ჟორდანიას რამდენიმე თვის წინ ფილტვზე სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ისრაელში მკურნალობის შემდეგ, მას კარანტინის გატარება საქართველოში მოუხდა.